სერვისები
ინფორმაცია მგზავრისთვის
ფრენის გაუქმება / საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმა
მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაუხადოს მგზავრს კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.
მგზავრს, რომელსაც უარი ეთქვა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, უფლება აქვს ფრენის სანაცვლოდ მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან გააგრძელოს ფრენა მისთვის ხელსაყრელი პირობებით (ალტერნატიული მარშრუტით). ორივე შემთხვევაში, როგორც ბილეთის ღირებულების ანაზღაურების, ისე ფრენის მარშრუტის შეცვლისას, მას მიეცემა კომპენსაცია.
მგზავრს, რომელმაც ნებაყოფლობით უარი თქვა ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებულ ფრენაზე (მოხალისე პირი), უფლება აქვს ფრენის სანაცვლოდ მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან გააგრძელოს ფრენა მისთვის ხელსაყრელი პირობებით (ალტერნატიული მარშრუტით).
მგზავრს, რომლის ფრენა გაუქმდა, უფლება აქვს მიიღოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან შეცვალოს ფრენის მარშრუტი მისთვის ხელსაყრელი პირობებით. ორივე შემთხვევაში, როგორც ბილეთის ღირებულების ანაზღაურების, ისე ფრენის მარშრუტის შეცვლისას, მას მიეცემა კომპენსაცია .
საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და/ან ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
- 250,00 EUR – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;
- 400,00 EUR – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;
- 600 EUR – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.
მომსახურე ავიაგადამზიდველს უფლება აქვს შეამციროს მითითებული კომპენსაციის ოდენობა 50%-ით იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრს შესთავაზეს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე და ჩაფრენის დრო არ აღემატება ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს:
- ორი საათით – 1500 კილომეტრამდე მანძილზე;
- სამი საათით – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე;
- ოთხი საათით – 3500-ზე მეტ მანძილზე.
კომპენსაცია გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების პუნქტში ჩასვლა ოთხ საათზე ნაკლები დროის დაგვიანებით ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით;
ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებულ ფრენის თარიღამდე შვიდ კალენდარულ დღეზე ნაკლები დროით ადრე და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ერთი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩასვლა არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით.
მომსახურე ავიაგადამზიდველს არ დაეკისრება კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ ის დაამტკიცებს, რომ ფრენის გაუქმება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად.
ფრენის ხანგრძლივი დაგვიანება
ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:
- ორ საათზე მეტ დროს – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;
- სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;
- ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.
იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს შემდეგი სახის დახმარება: კვება და გამაგრილებელი სასმელები, ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უფლებით. საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე - მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე.
სულ მცირე 5 საათის დაგვიანების შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის: 1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება; 2. თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.
აღმოაჩინეთ ჩვენი საუკეთესო შეთავაზებები !
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი და გაიგე პირველმა ჩვენი სპეციალური შემოთავაზებების შესახებ!
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა და დაგვიდასტუროთ გამოწერა